„შეთანხმება შედგა" - ადვოკატის თქმით, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინას ყოფილ მფლობელს პირობების შესრულების შემდეგ დაუბრუნებენ

კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინის ახალი მფლობელის, დარეჯან დვალის ადვოკატი, გიორგი სუხიტაშვილი აცხადებს, რომ ყოფილ მფობელთან, მარინა ხატიაშვილთან შეთანხმება შედგა და მას უძრავ ქონებას გარკვეული პირობების სანაცვლოდ დაუბრუნებენ. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.


კერძოდ, ტელეკომპანია "იმედის" ეთერში საუბრისას ადვოკატი აღნიშნავს, რომ წერილობითი შეთანხმება რამდენიმე საათის წინ გაფორმდა და მასში აღსრულების ეროვნული ბიუროც იყო ჩართული:

„ჩვენს შორის შედგა წერილობითი შეთანხმება, ე.წ. მორიგება," - ამბობს სუხიტაშვილი და ჩამოთვლის გარკვეულ პირობებს:

  • "თუკი [მარინა ხატიაშვილი] ერთი თვის ვადაში გადაიხდის 90 000 აშშ დოლარს, დარეჯან დვალი დაუბრუნებს მას კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ქონებას იმ პირობით, თუკი ანგაჟირებული, აგრესიული ჯგუფები შეწყვეტენ მოქმედებებს - ისინი მასმედიაში, სოციალურ ქსელებში, პირად მიმოწერაში შანტაჟით, მუქარით, ცილისწამებით, აბსოლუტურად გაუმართლებელი მეთოდებით ცდილობენ ზეწოლას დვალზე;
  • მეორე პირობაა, რომ მარინა ხატიაშვილმა და მისმა მხარდამჭერებმა ამ ერთი თვის განმავლობაში უნდა მისცენ უფლება დარეჯან დვალს, რომ ისარგებლოს უძრავი ქონებით".

შეთანხმებაზე ხელმოწერას რადიო თავისუფლებასთან ადასტურებს ბინის ყოფილი მფლობელი მარინა ხატიაშვილი. მისი თქმით, დოკუმენტი მხარეებმა 24 იანვრის საღამოს გააფორმეს, რომელშიც ეწერა, რომ ერთი თვის განმავლობაში დარეჯან დვალი ქონებას არ გადაყიდის და რომ თანხის გადახდის შემდეგ იგი ის "აღარ დაემუქრება დვალს."

„პირობები იყო, რომ ერთი თვის განმავლობაში ის ქონებას არ გადაყიდის, იქნება დალუქული. როგორც კი ფულს გადავუხდი, გადმოფორმდება, ოღონდ მე აღარ უნდა დავაბულინგო..." - ამბობს მარინა ხატიაშვილი. კითხვაზე, რა იგულისხმა დარეჯან დვალის ადვოკატმა ერთი თვის განმავლობაში ქონებით სარგებლობის პირობაზე, ხატიაშვილი ამბობს რომ ამაზე ინფორმაცია არ აქვს და "გაარკვევს."